Saturday, May 31, 2014

რეცენზია, რომელიც უნდა წაიკითხო

   "შენ რა წლევანდელი ოსკარების დაჯილდოებას არ უყურე?"  "ააა, ის ოსკარი არისტოკრატებში რომ იწონებს თავს?"  "მსენია, მას ოსკარ პესტორიუსი ერქვა ბავშვობაში ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო". "ის ოსკარი, მწერლებში ყველაზე ველური“?.... "დაივიწყე, ახლა ვიწყებ, გერმანელი ავტორია, გრძელი სახელი აქვს, გვარად კი შმიტია."  "ააა, ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი?" დიახაც.
    შთაბეჭდილებებზე ბაასი ასეთი აზიზი და "თუ შევეხები ვაითუ დაიფშვნას" ნაწარმოებზე ისეთივე რთულია, როგორც ყოველი წლის თებერვალში კოდაკის თეატრში ჯდომა და ლოდინი როდის გადმოგცემენ "end the Oscar goes to"... მოკლედ, საიდან სადაო.
    ნაწარმოები  ერთი შეხედვით აგრესიული დასაწყისით, აი, ცხოველების სიძულვილს რა ჰქვია, მომკალი და ვერ ვიხსენებ, და მაინც, ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის შეფიც რომ იყო, არ გიჩნდება აგრესია - პირიქით, რაღაც მომენტში გულშემატკივრობ კიდეც, ყოველივე ამის გამკეთებელს. "გამარჯობა, მე მქვია  ოსკარი,  ათი წლის ვარ, ცეცხლი წავუკიდე კატას, ძაღლსა და სახლს, მგონი თევზებიც შიგ გამოვწვი“. დასაწყისი არაჰარმონიული დასაწყისით, თუმცა არც ამ ქაოსის საწინააღმდეგო გაქვს რამე, კიდევ რამოდენიმე ბწკარი და გიყვარდება თავიდან ნიჰილიზმით შეპყრობილი მოწუწუნე ოსკარი, რომელიც იმედგაცრუებულია და ჰგონია, რომ თოვლის ბაბუაც კი თეთრწვერა ბებრუხანაა, რომელის სინამდვილეში არც კი არსებობს.
  ეს არის ისტორია  ბიჭუნაზე, რომელმაც 12 დღე დაჰყო "ხმამაღლა მოლაპარაკე და სხადასხვა ფერის" ადამიანთა გარემოცვაში. მას ჰყავს მარად მოცლილი ძმაკაცები:  ბეკონი, პოპკონი და აინშტაინი, მერე რა, რომ ამ უკანასკნელს მიუხედავად თიკუნისა "თავი მობუყბუყე წყლით აქვს სავსე“ და ბეკონიც არაა "ის ბეკონი", რომელიც ამბობდა შემეცნების ერთადერთი გზა შეგრძნებების კოჰაბიტაციააო. ოსკარისათვის ამ ჯერ კიდევ შეუმეცნებელი სამყაროს, იმ სამყაროსი რომლის არსებობაც და, მით უმეტეს, კეთილგონიერებაც არც კი სჯერა. მის ირგვლივ ყველა და ყველაფერი იცვლება, გარდა დედა როზასი, რომელიც ოსკარის სიტყვებით "მეტისმეტად ბებერია იმისათვის რომ შეიცვალოს“. სწორედ მან დააწყებინა ოსკარს წერილების წერა, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი ხანდახან მხოლოდ შელამაზებულ სიცრუეს, მაქმანებს და ,,წიწიკ-პიპილოებს“  ნიშნავს . დედა როზა ცდილობს ყოველგვარი შეფუთვის, შელამაზებისა და მორთვის გარეშე შეამეცნებინოს სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია და არა ისეთად, როგორ იდეალურსა და უმწიკვლოსაც ასახავდა ვინმე მოსწავლე ხატვის გაკვეთილზე.
 ის უამრავ ისტორიას იგონებს, რომ შეუმსუბუქოს მოსაწყენი ყოფა და ამისათვის ლანგედოკელი მახრჩობელას და ბუხვილენდელი ძუკნას დამარცხებაც კი უწევს კეტჩის რინგზე, კეტჩის მატჩისა, რომელიც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა. ყველა, ოსკართან მიმართებაში სიტყვა სიკვდილის ხსენებისას ხმას კმენდს, ის კი პირიქით, არაფერს უმალავს: "ჩვენ ყველანი თავს ვიკატუნებთ და ვიჯერებთ, რომ უკვდავნი ვართ“. და მაინც, თავიდან სკეპტიკურად განწყობილი ოსკარი იწყებს წერილების მიწერას.
,,-ვითომ რატომ უნდა მიმეწერა ღმერთისათვის?
-იმისათვის, რომ სიმარტოვე ნაკლებად გეგრძნო.
-მერე ვისთან, ვინც არც კი არსებობს?
-ჰოდა აარსებე“...
მისი მდგომარეობა ერთი შეხედვით გამოუვალია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს "ყოველთვის აგდია სადღაც ერთი ტომარა ფქვილი" და მაშინ როდესაც სრულებითაც არ ელოდები ის "ფქვილი" შეიძლება აღმოჩნდეს ულამაზესი "ცისფერი გოგონა" მეზობელი პალატიდან - სახელად პეგი ბლუ, რომელსაც ხისფერი ავადმყოფობა სჭირს. მიუხედავად იმისა რა ფერისაც არ უნდა იყოს მისი ავადმყოფობა, შენ შეიძლება ის მოჩვენებებისაგან დაიცვა, მაკნატუნას ფირფიტა გაუგზავნო ბინდისფერ პალატაში, ტუჩებში კოცნა ასწავლო (ხანდახან ენის ენაზე გასმაც კი), თუმცა ამბობენ, კოცნა გოგონების მოგონილიაო, შეიძლება პალატიდან არც კი გახვიდე, მაგრამ მალე საავადმყოფოს მთავარი კაზანოვას ტიტული მოირგო. მერე შეიძლება ის შიშებიც გაქრეს იმის მიმართ, რაც შენთვის შეუცნობელი იყო, "მაგრამ შენ უკვე არ გეშინია შეუცნობლის, შენ გული გეთანაღრება იმის დაკარგვაზე, რასაც უკვე იცნობ" და შენ გტკივა "მაგრამ ეს არ შეიძლება ტკივილი იყოს", მიხვდე, რომ მხოლოდ უინტერესო შეკითხვებზე არსებობს პასუხი და ის რომ სიცოცხლე მხოლოდ ცხოვრებით უნდა აიხსნას.
   შენ თუ ბოლო გვერდამდე ჩემსავით "სუნთქვაშეკრულმა" ჩაიკითხე, შეიძლება დაიჯერო, რომ ადამიანს ორი საათიც კი შეუძლია გაძლოს ისე, რომ არ ამოისუნთქოს, თუ ამის გჯერა, ყოველთვის იქნებიან შენს გარშემო სტანდარტული თეთრხალათიანი და არასტანდარტული უჟმურ სახეების მიღმა, მზის სხივებივით თვალების გარშემო ნაოჭებშეპარული ვარდისფერხალათიანი ქალბატონები, რომლებშიც შეიძლება ყოფილ კეტჩისტს შეიძლება გულჩვილი ნაზი ქალი ებრძოდეს, არც პეგი ბლუს შეეცვლება ფერი ოპერაციის შემდეგ და ისევ იმ ცისფერ გოგონად დარჩება. შენ კი შეიძლება დაუმეგობრდე იმას, ვისი არსებობისაც არც კი გჯეროდა ....

"ახლა, ასე რომ დავუმეგობრდით ერთმანეთს, მითხარი, რა გაჩუქო დაბადების დღეზე“?


ანი ბაძაღუას რეცენზია

No comments:

Post a Comment